Foto

აშშ-მა და ჩინეთმა სავაჭრო ტარიფების შემცირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს

შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე ორმხრივი ტარიფების შემცირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჟენევაში ჩინეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ზომების 90-დღიან დაპაუზებასა და ტარიფების 10%-მდე შემცირებაზე.

„ორივე ქვეყანამ ძალიან კარგად წარმოადგინა თავისი ეროვნული ინტერესები. ორივეს გვაქვს დაბალანსებული ვაჭრობის ინტერესი და აშშ გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას“, - განაცხადა ბესენტმა.

ჟენევის შეხვედრები აშშ-ისა და ჩინეთის ოფიციალური პირების პირველი პირისპირ შეხვედრა იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში დაბრუნდა და გლობალური სატარიფო კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ჩინეთს განსაკუთრებით მაღალი გადასახადები დააკისრა.